ახალი ამბები
იზა ჩირგაძემ ის სახლიც დატოვა, სადაც ბოლოს იმყოფებოდა
FaceBook
ქუთაისის #90-ე უბნის კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ, რომელმაც მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებაში ამხილა, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი სოფელში ის სახლიც დატოვა, სადაც იგი ბოლოს იმყოფებოდა.

ამ მომენტისთვის მის საცხოვრებელი სახლი ცარიელია. იგი სახლში მეუღლესთან, შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იყო.

მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, ჯერ კიდევ დილით იგი მეუღლის საცხოვრებელ სახლში იყო. ამას ქუთაისიპოსტს ადგილობრივები უდასტურებენ. თავად იზა ჩირგაძემ კი მედიასთან საუბარი არ ისურვა. შესაბამისად, უცნობია კვლავ ხორციელდება თუ არა მასზე ზეწოლა "ქართული ოცნების" მხრიდან, რაზეც იზა ჩირგაძე ორი დღის წინ საუბრობდა. უცნობია გრძნობს თუ არა ის თავს უსაფრთხოდ.

"ორი დღის წინ ჩამოვიდნენ, დილითაც ვნახე. როგორც ვიცი, სიტუაციას გაერიდა, ბრიფინგის მერე წამოვიდნენ, სხვა არაფერი ვიცი"-, ამბობს იზა ჩირგაძის მეზობელი.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მან სახლი უკანა გასასვლელიდან დატოვა, საიდანაც ქუჩა ცენტრალურ გზას უერთდება.

პირველ ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან გაყალბების სქემაზე ღიად საუბარი გადაწყვიტა, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა დაიწყო.

Print
თეგები: #იზა ჩირგაძე