ახალი ამბები
იზა ჩირგაძე სოფელში ოჯახთან ერთადაა
FaceBook
"ქართული ოცნების" რეგისტრატორი, რომელმაც მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებაში ამხილა,  სოფელში იმყოფება.

მან ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში საცხოვრებელ ბინა ორი დღის წინ დატოვა და სოფელში, მეუღლის სახლში წავიდა. ქუთაისიპოსტი მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს მისივე უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებს.

,,აქ დადიოდა სულ, ორი დღეა არ გამოჩენილა, არც მეუღლე და ბავშვები დამინახავს
', - ამბობს იზა ჩირგაძის მეზობელი ქუთაისში.

სოფელში კი იზა ჩირგაძის მეზობლებს მასზე საუბარი არ სურთ. ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ იგი ქუთაისიდან ორი დღის წინ, მას შემდეგ ჩავიდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში, მმართველი პარტიის მიერ,  არჩევნების გაყალბების სქემაზე ისაუბრა. იზა ჩირგაძემ თქვა, რომ არჩევნების დღეს,  მას მოქალაქეების ყალბი პირადობის მოწმობებით რეგისტრაციაში გატარება მოსთხოვეს. 


პირველ ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან გაყალბების სქემაზე ღიად საუბარი გადაწყვიტა, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა დაიწყო. 


30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღოა
Print