ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ვენისა და ბერლინის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდა
FaceBook
ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ვენისა და ბერლინის მიმართულებით განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ.

„ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით განახლდა. ხოლო, გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით. აპრილიდან კი მეორე სიხშირეც დაემატება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

უწყების ცნობით, ორივე რეისის საშუალებით 660-მა ადამიანმა ისარგებლა.

ავსტრიაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს ევროპული და ამერიკული ვაქცინების გარდა, ჩინური ვაქცინითაც შეუძლიათ. მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ: 1. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი); 2. ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm,Sinovac).

გერმანიის ტერიტორიაზე დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი. (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J). ვაქცინაციის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

wizz air-მა პირველ ნოემბერს განაახლა რეგულარული მიმოსვლა ესპანეთის მიმართულებით.

კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარული ფრენების შესრულება 2019 წლის მარტში შეწყდა.
Print