ახალი ამბები
"განაწყენებულები ვართ, რომ არავინ არაფერი გვითხრა" - "ტორპედოს" ფანკლუბი
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბის წევრებს, რომლებიც გუნდის აქტიური გულშემატკივრები არიან, კლუბიდან მთავარი მწვრთნელის გაშვების ოფიციალური მიზეზის არ სჯერათ და მომხდარს შეცდომას უწოდებენ.

მათი თქმით, არაფერი იცოდნენ კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ.

"ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ჩხეტოს (კახა ჩხეტიანის რედ.) გაშვება, რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვითხრეს რომ მას ენდობოდნენ და ამ სეზონში მისი დავალება გუნდის ეროვნული ლიგაში დარჩენა იყო, არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რის გამო გაუშვეს და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა!!! განაწყენებულები ვართ იმაზე რომ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩვენ არავინ არაფერი გვითხრა და კარგად უნდა იცოდეთ, რომ ამ გუნდში და ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება!!! უახლოეს მომავალში ამ საკითხზე შევხვდებით ხელმძღვანელობას და მოვითხოვთ დეტალურად ახსნა - განმარტებას",
- ნათქვამია ფანკლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი კლუბიდან პირველ ნოემბერს გაუშვეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ განცხადება მხოლოდ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გუნდის დაბალი შედეგებია. დამატებითი განმარტება კლუბისთვის მნიშვნელოვან ცვლილებაზე ამ დრომდე არ გაკეთებულა. განმარტება არ გაუკეთებია არც კახა ჩხეტიანს.

მთავარი მწვრთნელის გუნდისთვის ჩამოშორებას შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. გულშემატკივართა ნაწილი მომხდარს ჩხეტიანის საარჩევნო პროცესში ჩართვას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ იგი გახარიას პარტიის წევრობისთვის დასაჯეს. როგორც ცნობილია, კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელობის პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" სახელით, საკრებულოში შესვლისთვის იბრძოდა.

კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.
Print