ახალი ამბები
ქუთაისში შვიდი გადათვლილი უბნიდან სამში ცვლილება შევიდა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული უბნების გადათვლა დაასრულა.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, ხუთი ასეთი უბანი უნდა გადაითვალოს, თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო კომისიებმა შვიდი უბნის შედეგები გახსნეს.

ქუთაისში ხელახლა დასათვლელად #28, #38, #46, #60, #68, #64 და #104 უბნები შეირჩა.

გადათვლის შედეგად შვიდიდან სამი უბნის მონაცემებში ცდომილება აღმოჩნდა. კერძოდ, #38 - ე საარჩევნო უბანზე გაბათილებული ბიულეტენებიდან შვიდი ნამდვილ ბიულეტენად ჩაითვალა, აქედან სამი "ქართული ოცნების" კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, ოთხი კი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს ხატია დეკანოიძეს დაემატა. # 104-ე უბანზე სამი ხმა მოაკლდა ხატია დეკანოიძეს, ერთი დაემატა იოსებ ხახალეიშვილს, ორი კი გაბათილდა. ერთი ხმა მოაკლდა დეკანოიძეს #68-ე უბანზე, ორი ხახალეიშვილს, ხოლო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა სამით გაიზარდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის თქმით, გადათვლის შედეგები საერთო მონაცემზე გავლენას ვერ მოახდენს.

საოლქო კომისიაში სულ 17 საჩივარი შევიდა.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღო.
Print