ახალი ამბები
ქუთაისში რეგისტრატორმა აღიარა, რომ არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ
FaceBook
ქუთაისელი იზა ჩირგაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურზე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები პროცესის გაყალბებას აიძულებდნენ.

ამის შესახებ #90-ე უბნის რეგისტრატორმა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში ისაუბრა. მისი თქმით, მას დაავალეს, რომ  კონკრეტული პირები უბანზე გაყალბებული პირადობით შეეშვა და რეგისტრაციაში გაეტარებინა, რაზეც უარი განაცხადა. არჩევნების მეორე დღეს კი, როცა მან ამ ინფორმაციის ოპოზიციისთვის გადაცემა გადაწყვიტა, მისი მისამართით ზეწოლა და დაშინება დაიწყო. 

,,ათამდე ადამიანი უნდა გამეტარებინა სხვადასხვა პირადობით, მაგრამ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა არ მიმიღია. იმ დროს, როცა ეს ინფორმაცია უნდა გადამეცა ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, დამედევნენ და ჩემი წაყვანა სცადეს.   მე კი თავი სავაჭრო ქსელს შევაფარე და გზა ავუბნიე''
,- ამბობს იზა ჩირგაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მომხდარზე პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიებას მოითხოვს.

,,ადამიანმა, რომელმაც სისტემა ამხილა, ახლა საფრთხეშია.  ვიდრე ჩვენთან მოვიდოდა, მანქანით დაედევნენ და მის წაყვანას ცდილობდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ გამოვტაცეთ ხელიდან''-, ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი შეფასებით არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ,,ქართულმა ოცნებამ'' მხოლოდ ამ გზით შეძლო გამარჯვება.


30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღო.
Print