ახალი ამბები
"თავისუფლება მიშას" - აქცია ქუთაისის მერიასთან
FaceBook
ქუთაისის მერიასთან მოძრაობა "ჩვენ გავათენებთ" წევრების აქცია მიმდინარეობს.

აქტივისტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ პარლამენტის ქუთაისის ყოფილი შენობიდან გადმოინაცვლეს, სადაც ღამე გაათენეს. ქუთაისიდან კი რუსთავში წასვლას და რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებას აპირებენ, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

"ჩვენ მოვდივართ სარფიდან და მივემართებით რუსთავის ციხისკენ. პუტინის პირადი პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი, რომელიც უნდა გათავისუფლდეს. რუსთავის ციხესთან გავჩერდებით კარვებში იმდენხანს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ",
- ამბობს ნათათო გიორგაძე.

მისი თქმით, მათ პარლამენტის ყოფილ შენობასთან ღამე სიმბოლურად გაათენეს, რადგან საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. თავად მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.
Print