ახალი ამბები
"თავისუფლება მიშას" - კარვები პარლამენტის ყოფილ შენობასთან
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან სამოქალაქო აქტივსტებმა ღამე კარვებში გაათენეს.
მოძრაობა "ჩვენ გავათენებთ" ლიდერის ნათათო გიორგაძის თქმით, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მოძრაობის წევრები ქუთაისიდან რუსთავში წასვლას და რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებას აპირებენ, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

"ჩვენ მოვდივართ სარფიდან და მივემართებით რუსთავის ციხისკენ. პუტინის პირადი პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი, რომელიც უნდა გათავისუფლდეს. რუსთავის ციხესთან გავჩერდებით კარვებში იმდენხანს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ",
- ამბობს ნათათო გიორგაძე.

მისი თქმით, მათ პარლამენტის ყოფილ შენობასთან ღამე სიმბოლურად გაათიეს, რადგან საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.



აქტივისტების თქმით, ისინი რუსთავში წასვლამდე ქუთაისის მერიასთანაც მივლენ და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გააპროტესტებენ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. თავად , მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.

Print