ახალი ამბები
საქართველოსა და ესპანეთს შორის ავიამიმოსვლა განახლდა
FaceBook
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ისევ შესაძლებელია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი გზით მოხვედრა, ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizz air ასრულებს", - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი რეისით უკვე იმგზავრა 170-მა მოქალაქემ, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება  2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის, ხოლო 16 დეკემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებითაც დაიწყება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარული ფრენების შესრულება 2019 წლის მარტში შეწყდა.







Print
თეგები: #wizz Air #ფრენები