ახალი ამბები
"მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე"
FaceBook
არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე,
- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ  განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი და 22 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნები ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობის და მარკირების შემოწმების დარღვევების ფაქტები. ასევე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფასა და ზეწოლის ფაქტებს. რაც შეეხება ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია, თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ დროისთვის “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი და 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში“,-განაცხადა დოლიძემ.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში ჩატარდა, სადაც წალენჯიხის გარდა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა" გაიმარჯვეს.
Print