ახალი ამბები
ქუთაისში არჩევნებზე ამომრჩეველთა 45.45% მივიდა
FaceBook
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

ზუსტად რვა საათზე უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტურზე არჩევანი 69 871- მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45.45%-ია.

ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა რამდენიმე უბანზე მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირეს.

მათ შორის, მათი თქმით, უბნებზე ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა და აგიტაცია. ამომრჩევლისთვის თანხის გადახდაში დაადანაშაულეს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელმაც ბრალდება უარყო.

დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა უბნიდან გამოძევების ფაქტები, შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ჟურნალისტს. #54-ე საარჩევნო უბანზე კი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელთა თქმით, ფულს არიგებდნენ, მმართველი პარტიის კოორდინატორები საბავშვო ბაღში გახსნილ უბანზე მერხების ქვეშ იმალებოდნენ.

დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძოდნენ. გამოქვეყნდა ორი ტელეკომპანიის  „მთავარი არხისა“ და „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისში ხატია დეკანოიძე ლიდერობს, "იმედის" ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი მერი იოსებ ხახალეიშვილი გახდა.

ქუთაისში სულ 124 უბანი და 153 726 ამომრჩეველია.
Print
თეგები: #არჩევნები 2021