ახალი ამბები
"საარჩევნო უბნებზე "ოცნების" კოორდინატორები ღია პროპაგანდას ეწევიან"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობს.
შტაბის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილი აქვს თითქმის ყველა საარჩევნო უბანში დარღვევებს.  

"ქუთაისის #96-ე  საარჩევნო უბანზე  პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდაზე მოახაზინეს ამომრჩეველს 41 ნომერი. მეხუთე უბანზე ჩვენს წარმადგენელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან ის შენიშვნას აძლევდა კომისიის წევრებს.  ამის გარდა, #48-ე უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ღია პროპაგანდას ეწევიან. ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან რომ არ დაუშვან არჩევნების გაყალბება. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, მობრძანდით არჩევნებზე გამარჯვება ასე ახლო არასდროს ყოფილა",
- განცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა  იმედა კლდიაშვილმა. 

კენჭისყრის პროცესში დარღვევებზე და ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში დილიდანვე მიუთითებდნენ. მათი თქმით, პროცედურულ დარღვევებზე 10 საჩივარი აქვთ დაწერილი. 

ქუთაისში სამი საათის მონაცემების მიხედვით, საკუთარი არჩევანი 45 691 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც პირველ ტურთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. 

ქალაქის  მერის მანდატისთვის  "ქართული ოცნების" და ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იბრძვიან. მეორე ტურში გაიმარჯვებს ის, ვინ მეტ ხმას მიიღებს. 

პირველი ტურის შედეგებით კი ხმები ასე გადანაწილდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ხატია დეკანოიძე - 43.35%; 

"ქართული ოცნება" იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%; 

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print