ახალი ამბები
საქართველომ, ისტორიაში პირველად, ევროკომისიის კულტურული მარშრუტების ჯილდო მოიპოვა
FaceBook
საქართველომ ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

ეს ფაქტი მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა, რადგან ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.

ამ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

იტალიაში, 2021 წლის 23 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია "შუმი" საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის "საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში" მფლობელი გახდა.

Სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო ბაზარზე.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმთან  წელს ქუთაისსაც ჰქონდა შეხება.

ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 ყოველწლიური საკონსულტაციო ფორუმის მასპინძელი გახლდათ. ფორუმი ონლაინ ჩატარდა და მასში 48 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო ღონისძიების თემატიკა გახლდათ "მდგრადი კულტურული მარშრუტები, კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ".

რაც შეეხება საერთაშორისო ჯილდოს, იგი დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route“ -ის მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს ორი საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ეთნოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას.

Print