ახალი ამბები
„ქუთაისში მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებას“ - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსახლეობას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების განვითარების საკითხს შეეხო. მან ქუთაისის ელექტრომობილების წარმოების სამი წლის წინ შეპირებულ პროექტზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების პროექტზე მუშაობა განაახლეს. 

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ინვესტორი მოძიებული იყო, თუმცა, პროექტის განხორციელება პანდემიის გამო გადაიდო.

"დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორებთან და ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროექტი მივიყვანო ბოლომდე, რათა ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია. ჩვენ აქ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენების იდეა 2019 წელს პირველად მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააჟღერა.
Print