ახალი ამბები
"პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას აშანტაჟებს" - ხატია დეკანოიძე
FaceBook
ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა რომც გაიმარჯვონ, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ.


ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე, ხატია დეკანოიძემ პრემიერის ეს განცხადება შანტაჟად შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის საკუთარ მოსახლეობას საბოტაჟი მოუწყოს. ქუთაისის მერობის კანდიდატი თვლის, რომ სიძულვილის რიტორიკა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს, მეორე ტურში დამარცხების შიშით არის განპირობებული.
" პრემიერ-მინისტრი აშანტაჟებს მოსახლეობას და პირდაპირ ამბობს, რომ თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ მეორე ტურში და რა თქმა უნდა ეს ასე იქნება, საქართველოს ხელისუფლება საბოტაჟს გამოუცხადებს საკუთარ მოსახლეობას, რაც არის გაცხადებული დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ. მისი ეს სიძულვილის ენა, რასაც ის აფრქვევს ყველგან, სადაც ჩადის, დასტურია იმისა, რომ მათ აქვთ დიდი შიში, რადგან იციან, რომ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ. ის პირდაპირ აცხადებს, რომ დაჩაგრავს მათ თუ ისინი გაიმარჯვებენ. მისი ეს განცხადება არის კარგი ფუნდამენტი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პრემიერ-მინისტრმა სენაკში ვიზიტის დროს თქვა, რომ ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ვერაფერს გააკეთებენ, რადგან ცენტრალური ხელისუფლება "ქართული ოცნების" ხელშია.
Print