ახალი ამბები
საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება
FaceBook
საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული და მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართვა შესაძლებელია.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეოცე დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში კონსილიუმი გუშინ შევიდა.

ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.
Print