ახალი ამბები
"სამინისტროს პასუხი ადასტურებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი უკანონოდ დამტკიცდა"
FaceBook
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ნამახვანჰესის პროექტზე ფინანსთა სამინისტროს დაგვიანებულ "აღიარებას" აფასებს.

რამდენიმე თვის წინ უწყებისთვის გაგზავნილ წერილზე, არასამთავრობო ორგანიზაციამ პასუხი 18 ოქტომბერს მიიღო. პასუხში კი წერია, რომ სამინისტროს პროექტზე დასკვნა გაცემული არ აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, უწყების პასუხი ნიშნავს იმას, რომ ნამახვანჰესის პროექტზე ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფოს მისი ხარჯსარგებლიანობა და ეკონომიკური მიზანშეწონილობა უნდა დაესაბუთებინა, არ არსებობს. ეს გარემოება კი "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის საფუძველს ქმნის.

"ფინანსთა სამინისტროს პასუხი იმის დასტურია, რომ საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტი უკანონოდ დაამტკიცა. აქედან გამომდინარე, დასკვნის არარსებობა ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის სამართლებრივ საფუძველსაც ქმნის. ამ დასკვნის გაცემა მხოლოდ პროცედურული ნაბიჯი არ არის. ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული დასკვნა, პროექტის საჯარო სარგებლიანობისა და მისი განხორციელების ეკონომიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ფუნდამენტური შინაარსის მქონე დოკუმენტი უნდა ყოფილიყო. ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტი არ მომზადებულა, ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ პროექტის ხარჯსარგებლიანობა არ დაუსაბუთებია", - მიაჩნია "სოციალური სამართლიანობის ცენტრს".


კომპანია "ენკამ", რომელმაც რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას წყვეტს. სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "ენკა რინიუებლზი" კონტრაქტზე უარს მისი პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო ამბობს. კონკრეტულად რას გულისხმობს "ენკა" ფორსმაჟორში, უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები ბოლო თვეების განმავლობაში ხეობაში დემონსტრაციულად შედიოდნენ ტექნიკით, "მცველების" მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ, პროცესს კი დრონის საშუალებით კამერაზე აღბეჭდავდნენ. მათი თქმით, კომპანია ამ გზით საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მასალებს აგროვებდა.

18 ოქტომბერს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფო ცდილობს პრობლემის გადაჭრას მოლაპარაკების გზით მიაღწიოს და საქმე საარბიტრაჟო სასამართლოში არ წავიდეს.

"ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადების მიუხედავად, ადგილობრივები პროტესტს არ წყვეტენ. რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში "მცველები" ისევ ათენებენ ღამეებს. ადგილობრივები საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე დაშლას არ აპირებენ. პროტესტი 355 დღეა გრძელდება.

Print