ახალი ამბები
"მძიმე საუბარი მქონდა მეუფესთან" - არქიმანდრიტმა მოწამეთას მონასტერი დატოვა
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელმა,  მეუფე იოანემ,  წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების სახელობის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი ელიაზარი (ივანეიშვილი) მოწამეთას მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა.
ინფორმაცია ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" თავად არქიმანდრიტმა დაუდასტურა.

"მძიმე საუბარი მქონდა მეუფესთან. მითხრა, რომ  წასული ვარ მონასტრიდან  და რომ მოვძებნი ახალ ადგილს,  მერე მომცემს განტევების (გათავისუფლების,  რედ.) ფურცელს. ამ ეტაპზე არ მაქვს მოძებნილი ახალი ადგილი. სიტყვიერად მოცემული აქვს ლოცვა-კურთხევა წასვლაზე. ეპარქიაში არის პრობლემები, მაგრამ დეტალებზე  საუბარი არ მინდა",
- ამბობს არქიმანდრიტი.

მოწამეთას მონასტრის უკვე ყოფილმა წინამძღვარმა ჯერ არ იცის რომელ ეკლესიაში თუ ეპარქიაში გააგრძელებს მოღვაწეობას.

"ქუთაისიპოსტი" შეეცადა თავად იოანე გამრეკელთან  გაერკვია თუ რატომ გაუშვა  დაკავებული პოზიციიდან არქიმანდრიტი ელიაზარი, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში კი განმარტავენ, რომ არქიმანდრიტი ელიაზარის გათავისუფლების წერილი არ არსებობს. თუმცა, ეპარქიის მოძღვარი და მეუფე იონასეთან დაახლოებული პირი მატათა ქარქაშაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოწამეთას მონასტერს სხვა სასულიერო პირი ხელმძღვანელობს.

"შეიძლება არ დაგხვდეთ მოწამეთაზე არქიმანდრიტი ელიაზარი, რადგან ის არ არის.  მღვდელმსახურებას სხვა მოძღვარი ატარებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მონატრიდან განტევებულია (გათავისუფლებული).  ოფიციალურად, ეპაქრიაში საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა. არც ვინმეს განტევების (გათავისუფლების) და არც ვინმეს დანიშვნილის წერილი არ არსებობს", - განმარტავს მოძღვარი მატათა.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ინფორმაციით, მოწამეთას მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას მღვდელმონაზონი ნეოფიტე (დვალიშვილი) ასრულებს, რომელიც დეკანოზ ილია კარკაძის სულიერი შვილია. მოძღვარი ილია კარკაძე ქადაგებების დროს ხშირად სიძულვილის ენას იყენებს.
Print