ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ უბილეთო მგზავრების დაჯარიმება დაიწყო
FaceBook
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მუნიციპალურ ტრანსპორტში მონიტორინგს იწყებენ.

მგზავრები, რომლებსაც ბილეთი არ ექნებათ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. კომპანიამ გამაფრთხილებელი განცხადებაც გაავრცელა.

"გთხოვთ, მგზავრობის ღირებულება გადაიხადოთ ავტობუსში ამოსვლისთანავე ბარათით ან საკასო აპარატის საშუალებით. უბილეთო მგზავრობა ჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლით და განისაზღვრება 20 ლარით"
, - ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ორნაირი სისტემა მოქმედებს. მგზავრებს საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათით ან საკასო აპარატის საშუალებით შეუძლიათ. ელექტრონული ბარათით გადახდა შესაძლებელია სპეციალურ მოწყობილობაზე მისი მოთავსებით, ხოლო საკასო აპარატში თანხის ჩაგდების შემთხვევაში მოწყობილობა ბილეთს მოგცემთ. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ 20 და 10 თეთრიანი მონეტებით. გასათვალისწინებელია, რომ აპარატი ხურდას არ აბრუნებს. 


ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, რომელზეც 60 ავტობუსი მუშაობს.
Print