ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფას ითხოვს
FaceBook
იუსტიციის სამინისტრო გამჭირვალობისთვის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგს ითხოვს.
იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგისა და თანამშრომლობისთვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართვას.

"მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელოს პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი; მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


უწყება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინონ

"მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, ექსპრეზიდენტი ითხოვს, რომ პირად ექიმს მისი მონახულება ყოველდღე შეეძლოს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების. 

Print