ახალი ამბები
"დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში"
FaceBook
შინაგან საქმეთა მინისტრის  ვახტანგ გომელაურის განმარტებით,  ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 10-15 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, მათგან ორთან კი შსს-ს სატელეფონო კონტქატი აქვს.
"ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, ტელეფონით გვესაუბრება. ისინი ვერ გვიხსნიან რომელ სართულზე არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილები თუ მაღლა. ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ იქ ბევრი ადამიანი ავიდეს და 100-მა და 200- მა ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ტექნიკა არის ჩართული. მობილიზებულია როგორც შსს-ს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მუნიციპალური სამსახურები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ფიზიკურად, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ სინკარია თუ ბეტონის ნანგრევები, გადმოვალაგოთ და ქვეშ მოყოლილი ადამიანები უფრო არ დავაშავოთ“, - განაცხადა ვახტანგ  გომელაურმა.

როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ნანგრევებში მოყოლილებს შორის არიან ბავშვები და  ერთი ხანდაზმულიც. 

შსს-ს მინისტრის განცხადებით, ნგრევა სავარაუდოდ უკავშირდება შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებს და შესაძლოა საყრდენი კედელი დაზიანდა. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს ამ ნგრევის მიზეზის დასადგენად, და თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაული, ისინი პასუხისგებაში მიეცემიან.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 15 საცხოვრებელი ბინა. 


ფოტო :ბათუმელები
Print