ახალი ამბები
მინდა სხვა შშმ ბავშვებიც ჩაერთონ ამ პროექტში - შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში
FaceBook
"უკვე მეორე წელიწადია ჩემი შვილი დღის ცენტრ "ჯადოსნურ სამყაროში" დადის და ძალიან კმაყოფილი ვარ".

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისა და სოციალური საწარმო "ფარშევანგის" ინიციატივით გაიმართა შშმ ბავშვთა და დღის ცენტრის პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები თექის, ბამბაზე დამზადებული მასალებისაგან შედგებოდა. მისალოცი ბარათები, ნახატები,ფოტო-ნამუშევრები, დამზადებული იყო შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ.

"არტ-თერაპიული კურსები, რომელიც ამ დღის ცენტრებში წლებია ხორციელდება დაფინანსებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" მიერ. ასევე, რაც ყველაზე მთავარია მოწვეულმა სპეციალისტებმა გადაამზადეს ჩვენი დღის ცენტრების პედაგოგები და მომავალში ისინი თავად გააკეთებენ ამ კურსებს ცენტრების ბაზაზე"- აცხადებს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი, ლია კილაძე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქუთაისის, თერჯოლისა და სამტრედიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართა და პედაგოგთა, ასევე, ქუთაისის, N8, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. წითელხევისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრები.

"უკვე მეორე წელიწადია ჩემი შვილი დღის ცენტრ "ჯადოსნურ სამყაროში" დადის და ძალიან კმაყოფილი ვარ. მასწავლებლების ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობითაც. რაც მთავარია ბავშვების უნარები გაუმჯობესებულია და ამიტომ კარგი იქნება სხვა ბავშვებიც თუ ჩაერთვებიან ამ პროცესში" -ამბობს, დღის ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელი, ნათია ცირეკიძე.

ღონისძიების დასასრულს ინკლუზიური განათლების ჯგუფის მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 
Print