ახალი ამბები
ქუთაისში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა
FaceBook
12 :00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებზე მოსახლეობის 16.5% მივიდა.


"ამ დრომდე არჩევანი ქუთაისში 259 273 ამომრჩეველმა გააკეთა.
სულ კომისიაში შემოსულია 11 საჩივარი" - აცხადებენ ქუთაისის  #59-ე  საოლქო საარჩევნო კომისიაში. 

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, წელს აქტივობა უფრო მაღალია, რადგან 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, 12 საათამდე არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 13% იყო მისული.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.


ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:

,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე

,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე

,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე

,,სტრატეგია აღმაშენებელი" - ანდრო ლოსაბერიძე
Print