ახალი ამბები
"მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება" - ხატია დეკანოიძე
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნას ადასტურებს ქუთაისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე.

მან ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება სიმართლეა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა პროცესების შემკვრელი იქნება. მან მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის სრული ჭეშმარიტება, იგი იმყოფება საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება რომ არ ჰყავს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. რაც შეეხება კობახიძე-მდინარაძის განცხადებებს, მათი მმართველობა ამ ქვეყანაში ვერ გაგრძელდება და ეს მინდა მათ შევპირდე პირადად. ერთი პროცესია მხოლოდ გამარჯვების და ეს არის შემკვრელი ჩვენი ამომრჩევლისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის ხვალ მივდივართ ყველა არჩევნებზე და ვიფორმებთ გამარჯვებას, ამ შემართებით ვართ იმერეთიდან, საქართველოს გულიდან
", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ იმყოფება ბათუმში და მხარდამჭერებს მალე შეხვდება თბილისში.

მისი თქმით, იგი ვიდეო-მიმართვის ჩაწერის მომენტში ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, 3 ოქტომბერს კი მისი თქმით, 100 000 ადამიანი თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს.

"ეს არის ჩემი ბათუმი,  2 ოქტომბერს  უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას", თუ არ მოგწონთ "ნაციონალური მოძრაობა".  მიეცით ხმა შედარებით პატიოსან პარტიას. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება. ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და სამში შევიკრიბოთ რუსთაველზე, გავავსოთ თავისუფლების მოედანი და თუ ჩვენ ვიქნებით 100 00 ადამიანი, ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს. აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. აბა თქვენ იცით, მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში", - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფება. ორი დღის წინ კი ყოფილმა პრეზიდენტმა კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო მგზავრობის თარიღი 2 ოქტომბერი.

ამავე თემაზე:



Print