ახალი ამბები
შევარდნაძის დროში დაგვაბრუნეს - სოფელ გეგუთში ელექტროენერგიის 10 საათიან წყვეტებზე მიუთითებენ
FaceBook
სოფელ გეგუთში ელექტროენერგიის გახშირებულ წყვეტებზე საუბრობენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გეგუთში ბოლო ერთი წელია, რაც ელექტროენერგიის მიწოდება ხანგრძლივი დროით წყდება.

"ვისაც შემოგვრჩა ძველი ე.წ. "დვიჟოკები" ისევ ვრთავთ, მგონი შევარდნაძის დროში დაგვაბრუნეს," - ამბობენ გეგუთში მცხოვრებლები.

ადგილობრივების თქმითვე, სოფელ გეგუთში ელექტროენერგიის გარეშე მოსახლეობა ხშირად ათი საათის მანძილზე რჩება, რის გამოც სოფელში მცხოვრებლებს სხვადასხვა პრობლემები ექმნებათ.

"სათბურები ვისაც აქვს მორწყვაზე ექმნებათ პრობლემა, ვისაც მაღაზიები აქვს პროდუქტი უფუჭდებათ. ხშირად, დილის ათი საათიდან საღამოს რვა საათამდე უშუქობაში ვართ,"- განმარტავენ გეგუთში მცხოვრებლები.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სოფელში ელექტროენერგიის წყვეტის მიზეზების გარკვევა არაერთხელ სცადეს "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებთან, თუმცა კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

"ვრეკავთ, ვეხვეწებით გაგვარკვიონ რა ხდება და პრობლემა გამოასწორონ, თუმცა მეორე დღეს იგივე მეორდება" - ამბობენ გეგუთში მცხოვრებლები.

როგორც "ენერგოპროჯორჯიაში" განმარტავენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთი ელექტროენერგიას იღებს მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან "ვარციხე 2", ფიდერით "გეგუთი"

" ელექტროენერგიის შეწყვეტა მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება მოხდეს, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, როდესაც სამუშაოების სპეციფიურობიდან გამომდინარე უსაფრთხოების ნორმები ძაბვის დროებით შეწყვეტას ითხოვს, რის შესახებაც კომპანია წინასწარ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს ინფორმაციას და ავარიების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგო-პრო ჯორჯია სისტემატურად ატარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამანაწილებელ ქსელში, უამინდობის დროს ელენერგიის ავარიული გამორთვისგან, სამწუხაროდ, დაზღვეული არ ვართ.

გასულ თვეში სოფელ გეგუთს ძაბვის მიწოდება 4-ჯერ შეუწყდა. აქედან ყველაზე დიდხანს ელექტროენერგია გამორთული იყო 11 და 12 ნოემბრის სტიქიური მოვლენების დროს, როდესაც ძლიერმა წვიმამ და ქარმა ელექტროგამანაწილებელი ქსელი ბევრგან დააზიანა. მიუხედავად გადაუღებელი ნალექისა, ტექნიკურმა სამსახურმა აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენა იმავე დღეს, რამდენიმე საათში მოახერხა,"- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით,  გეგუთის მაცხოვრებლების მიერ ელექტროენერგიის მასიური წყვეტის შესახებ კომპანიისთვის არ მიუმართავთ.
Print