ახალი ამბები
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე ტყიბულელი პედაგოგი სტიპენდიანტი გახდა
FaceBook
77 წლის ყოფილი პედაგოგი ანრო ცირეკიძე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაფუძნებული გურული დღიურების ფონდის  სტიპენდიანტი გახდა.

ანრო ცირეკიძე, როგორც "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნე, საზოგადოებას ქუთაისიპოსტმა გააცნო. მის შესახებ ვრცელი  მასალა ორი წლის წინ მომზადდა. 

ანრო ცირეკიძე, ათწლეულების განმავლობაში ტყიბულის სოფელ ორპირის საშუალო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი იყო. "ვეფხისტყაოსანი" 22 წლის ასაკში ისწავლა ზეპირად და არაერთი კონკურის გამარჯვებული გახდა. 

6 საათი, 5 წუთი და 12 წამი, - ეს დრო სჭირდება ანრო ცირეკიძეს "ვეფხისტყაოსნის" თავიდან ბოლომდე ზეპირად მოსაყოლად.

"დაუოკებელი მიზანსწრაფვა, მტკიცე ნებისყოფა და დიდი შრომისმოყვარეობა, თუკი ეს სამი შენივთდა, ვიძლევი პირობას, რომ ბევრი შეძლებს "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის სრულად სწავლას", -აღნიშნავს ანრო ცირეკიძე. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გურული დღიურების  ფონდი კი   მოსწავლეების და პედაგოგების წახალისებას ემსახურება.
Print