ახალი ამბები
ცესკო „სისხლიან ბანერებს" სამართალდარღვევად არ მიიჩნევს
FaceBook
"თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს",- აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.


ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა, რომ მათი განთავსება არ უკავშირდება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არ მომხდარა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს "ალმას" შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება, სწორედ ამ კერძო პირის პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება-განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს"
,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ბანერების საქმეზე სამი საჩივარი შევიდა.

"არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს" - ამ წარწერებით და სისხლის ლაქებით ბანერი ქუთაისშიც გააკრეს.

ბანერზე "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "გირჩის" პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, გიორგი გახარიაც არის გამოსახული. ფრაზა "არა ღალატს", სავარაუდოდ, სწორედ მას ეკუთვნის, რადგან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიიდან წასულ გახარიას მოღალატე უწოდა.

ბანერზე, ასევე გამოსახულია ნიკა გვარამია, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე.

უკვე მეორე არჩევნებია "ქართული ოცნება" ოპონენტებთან ბრძოლის ამ გზას ირჩევს. მსგავსი შინაარსის წარწერები მმართველმა პარტიამ ბანერებზე შარშანაც განათავსა.
Print