ახალი ამბები
ხარვეზების გასწორება - ნიკიტინის სკვერში ფილებს თავიდან აგებენ
FaceBook
ქუთაისში, ნიკიტინის სკვერში ფილებს ხელმეორედ აგებენ.
ადგილზე დასაქმებულებს ხარვეზებზე საუბარი  არ სურთ.  ამბობენ  მხოლოდ იმას, რომ ფილები სამუშაოების დასრულებამდე  მოქალაქეების გადაადგილების გამო დაზიანდა. 

"მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ ვიდრე სამუშაოები დასრულდებოდა და  ამან გამოიწვია დაზიანება. მერიც იყო მოსული და არ მოეწონა.  წესით, უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ გვითხრეს ჯერ არ ჩავიბარებთო.  ახლა გვიწევს თავიდან დაგება",
- ამბობენ ადგილზე დასაქმებულები. 


ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ნიკიტინის სკვერი ხარვეზებით გაკეთდა და ვიდრე არ გამოსწორდება,  სამუშაოებს არ ჩაიბარებენ. 

"გამოიკვეთა ხარვეზები, რომელიც ეცნობა შემსრულებელ კომპანიას. თუ არ გამოსწორდება, კომპანია დაჯარიმდება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს",
- განმარტავენ  ქუთაისის მერიაში. 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ნიკიტინის სკვერს  კომპანია "გლობალ სტანდარტმშენი" აწყობს. კომპანიის წარმომადგენელი მურმან კუტალაძე ამბობს, რომ ხარვეზების  ჩამონათვალი უკვე მიიღეს და მათ გამოსწორებაზე მუშაობენ. 

"მთავარი ხარვეზი იყო ფილების დაგება, რომელიც პროექტში იყო შეცდომით შეტანილი.  24 კვ. მეტრზე თავიდან გვიწევს ფილების აყრა. ასევე არის ჟანგის პრობლემა, რომელიც უკვე გამოსწორებულია. იყო კიდევ ე.წ. გვირაბი და კედლების პრობლემა, რომელიც ასევე გამოსწორებულია", - ამბობს მურმან კუტალაძე. 

მისი თქმით, მერიამ  ხავეზების გამოსასწორებლად ვადა 10 ოქტომბრამდე მისცა, თუმცა, სამუშაოებს უფრო ადრე დაასრულებს. 

ნიკიტინის სკვერის მოწყობა ბიუჯეტს 370 244 ლარი დაუჯდა. 

რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ სკვერს თამაზ ნიკიტინის სახელი 2008 წელს მიენიჭა. თამაზ ნიკიტინი რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა.
Print