ახალი ამბები
,,ენკასგან'' ნამახვანჰესის პროექტი, შესაძლოა სხვა კომპანიამ გამოისყიდოს
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნამახვანჰესის პროექტის შეჩერება შეაფასა.
მისი თქმით, კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო და ამის შესახებ მას ინვესტორ კომპანიასთან საუბარი ჰქონდა. 

პრემიერის თქმით, ჯერჯერობით, ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

,,მიუხედავად იმ პროტესტისა, რაც ადგილზე იყო, მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, რათა ნორმალურად გაეგრძელებინათ სამუშაოები. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და დანარჩენს უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ. პრეზიდენტ ერდოღანთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია და ეს არის წმინდად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა. ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ -მინისტრმა საქართველოს მიერ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიისთვის, ENKA Renewables-სთვის შესაძლო კომპენსაციის გადახდის თაობაზეც ისაუბრა.

„არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დაგვტოვებს, საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც დანახარჯის მოცულობას შეაფასებს და ამის მიხედვით მოლაპარაკება შედგება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ“.

ნამახვნჰესის მშენებელმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან არსებული ხელშეკრულება 22 სექტემბერს შეუწყვიტა.

კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები სახელდება.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებდა.

მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სპეციალისტები ქვეყნის ინტერესების საზიანოს უწოდებენ.

ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, ადგილობრივების პროტესტი 334 დღეა უწყვეტად გრძელდება.


მათი მოთხოვნაა:


გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
Print