ახალი ამბები
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
FaceBook
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაუშვეს.

სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის ბრძოლა კი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27 სექტემბერს ქალაქის დაცემით დასრულდა.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
Print