ახალი ამბები
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად საქართველომ 15 მილიონიანი სესხი აიღო
FaceBook
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს  საქართველოს 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა.
ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსური რესურსი ქვეყანას დაეხმარება დაახლოებით 700,000 დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ნემსების, უსაფრთხოების ყუთების, ასევე, ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში.

„ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად,“ - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.


აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით,  პროექტი უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, შეამცირებს დაავადების გავრცელებას, მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას და აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას.

,,ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია“,- აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ADB-მ საქართველოს უკვე გამოუყო $100 მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად.

$200 მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5 მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

24 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%.

სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%

23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.
Print