ახალი ამბები
ობიექტები შესაძლოა გარემოსდაცვით რისკებზე შეამოწმონ
FaceBook
მთავრობა გარემოსდაცვითი შემოწმებების განსხვავებული სისტემის დანერგვაზე მუშაობს.
ამის შესახებ, მთავრობის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით,ობიექტებს გარემოსდაცვითი რისკების შეფასების საფუძველზე ჩაუტარდება სავალდებულო შემოწმება. იგი არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს ყველაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტებისთვის და 3 წელიწადს ყველაზე დაბალი რისკის მქონე ობიექტებისთვის.

,,კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტების რეგულირების ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს ემისიებს ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციასა და ექსპლუატაციის ადგილის აღდგენას ობიექტის საბოლოო დახურვის შემდეგ,"-აღნიშნულია მთავრობის გეგმაში.


დღემდე, ქვეყანაში მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარემოს დამაბინძურებელი საწარმოებისთვის ინტეგრირებულ სანებართვო სისტემას. 

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით" გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და შესაბამისად, მისი სავალდებულოდ გადახედვის მექანიზმები არ არსებობს.

ასევე, არ არსებობს ე.წ. "საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების" დანერგვის ვალდებულება და ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი კონკრეტული სტაციონარული წყაროებისთვის გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობები.

Print