ახალი ამბები
პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დაინერგება
FaceBook
პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის წამახალისებელი ღონისძება დაიგეგმება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია, მათი როლი  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმდინარეობაში განსაკუთრებით დიდია.

„უფრო მეტად გააქტიურდება პირველადი ჯანდაცვა. სოფლებსა და რაიონებში, სოფლის ექიმები, კიდევ უფრო ახლოს მივლენ ადამიანებთან. გამსვლელი ბრიგადებიც მოიმატებს, უფრო გააქტიურდება ეს ყველაფერი. ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. ვინც უბანზეა და ბენეფიციარებთან არის მიმაგრებული, გააქტიურონ მუშაობა. სოფლის ექიმის როლი განსაკუთრებით დიდია. მოგეხსენებათ, ძალიან სჯერა მოსახლეობას სოფლის ექიმის, ამიტომ სოფლის ექიმებთან მიმდინარეობს მუშაობა. თითოეულ რაიონში სოფლის ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ჰყავს უბანზე აცრილი და აცრის რა გეგმა აქვს, თუნდაც 2 თვის განმავლობაში. ვინც ეწინააღმდეგება ეცადოს, რომ დაარწმუნოს. მოგეხსენებათ, აცრა ნებაყოფლობითია და არა ძალდატანებითი. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც უნდა დაინერგოს ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ ეტაპზე აცრის წამახალისებელი ლატარია თამაშდება.

ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ლატარიის კომპანია ატარებს.

აცრილ მოქალაქეებს გათამაშების საიტზე შეუძლიათ, ყოველდღე შეამოწმონ პირადი ნომრით, მოხვდნენ თუ არა გამარჯვებულებს შორის. გამარჯვებულთა სია ყოველ დღე, 12 საათზე განახლდება.
Print