ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს
FaceBook
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ნამდვილად მიიღო სამინისტრომ კომპანია "ენკასგან" წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ.

,,მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.'',- წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად განვაგრძობენ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი გადაწყვეტილება.

ნამახვნჰესის მშენებელი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

ამის შესახებ ინფორმაცია Enka Renewables-ის მშობელმა კომპანიის - ENKA İNŞAAT-მა  სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა .

განცხადებაში მიხედვით, კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები სახელდება.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებდა.

მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სპეციალისტები ქვეყნის ინტერესების საზიანოს უწოდებენ.

ადგილობრივების პროტესტი 329 დღეა უწყვეტად გრძელდება.

მათი მოთხოვნაა:

გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
Print