ახალი ამბები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას სასამართლოში ასაჩივრებს
FaceBook
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.


არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ დარღვევებით გასცა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ნებართვის გამცემმა სააგენტომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, სარჩელის ავტორები  ნებართვის გაუქმებას და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მშენებლობის ნებართვა საგამონაკლისო წესით, გამარტივებულად და კონკრეტული პირობებით გაიცა. კერძოდ, ნებართვის გაცემის მომენტში ენკას სააგენტოში წარდგენილი არ ჰქონდა სავალდებულო სამშენებლო დოკუმენტაცია, სათანადო კვლევები და საექსპერტო დასკვნები. შეიძლება ითქვას, რომ რისკის მომეტებული ფაქტორის მქონე ქვემო ნამახვანი ჰესზე, რომელიც მათ შორის 100 მეტრზე მეტი სიმაღლის კაშხალს მოიცავს, სახელმწიფომ მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა ადგილობრივი გეოლოგიური გარემოს სრულყოფილი გამოკვლევის, შესწავლისა და მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირების გარეშე დაუშვა. აღნიშნულით კი პირდაპირი ფიზიკური საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მთლიანად რიონის ხეობაც დააყენა", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სახელმწიფოსათვის დღემდე უცნობია ნამახვანჰესის ზეგავლენის მასშტაბი და მოსალოდნელი რისკები.
Print