ახალი ამბები
"ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე" - გიორგი ვაშაძე
FaceBook
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, 15 სექტემბერს "მთავარი არხის" ოპერატორის დაშავების ფაქტს გამოეხმაურა.

ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ ხელისუფლება ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები იგივეა, რაც გზა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, ასევე გამოეხმაურა სუსის ჩანაწერების გავრცელების ფაქტს და თქვა, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ ევროპულ კურსზე საუბრობს, მეორე მხრივ კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უსმენს.

"ბოლოდროინდელი მოქმედებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინ, მთავარი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი არის 5 ივლისის გაგრძელება, გაგრძელება იმ შეტევის თავისუფალ სიტყვასა და მედიაზე, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწევა. მოსმენა, დასმენა, თვალთვალი, ძალადობა იქცა ამ წინასაარჩევნო პერიოდის ნათელ მაგალითად ყველაფერ ამისა. მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელიც არ უნდა დავუშვათ. 2 ოქტომბერს ან ვირჩევთ ცივილიზებულ, განვითარებულ საქართველოს, ან სამოქალაქო დაპირისპირებაში მყოფ ქვეყანას. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც გვისმენენ, უსმენენ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ელჩები რომ ამას უყურადღებოდ არ დატოვებენ, ეს ფაქტია. სპეცსამსახური უნდა მუშაობდეს აგენტურული ქსელის გამოსავლენად, ის ვითარება კი რაშიც ვართ, არის არანორმალური მდგომარეობა
", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და შეწყვიტოს ამ მეთოდებით ოპონენტებთან და საზოგადოებასთან ბრძოლა.
Print