ახალი ამბები
სამინისტრო ქუთაისში დევნილებისთვის გადასაცემი ბინების გაყიდვაზე ბრალდებებს პასუხობს
FaceBook
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, დევნილების მხრიდან მათი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს არ ადასტურებენ.
სამინისტროს წარმომადგენლები ქუთაისში დევნილებისთვის გადასაცემი ბინების გაყიდვაზე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.
როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, შოთა რეხვიაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ქუთაისში, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში დევნილებისთვის ფართების მიკუთვნების პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა.
"არავითარი მიჩქმალვა ჩვენი მიზანი არაა, ჩვენი მიზანია ყოველმხრივ გამჭვირვალე გადაწყვეტილება მივიღოთ. ბინების გადანაწილების თაობაზე იმუშავა კომისიამ, ამ პროცესებს ესწრებოდა სხვადასხვა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამისად ბინები მიიღო იმ ადამიანებმა, რომლებიც ყველაზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ,"- განმარტა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, ქუთაისში ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში ფართების გადანაწილების პროცესში გარკვეულ ხარვეზებსაც ჰქონდა ადგილი.
"ბინების განაწილების პროცესში, სამ ოროთახიან ბინაზე გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები, მოხდა ისე, რომ მოსახლეობამ დამალა გარკვეული ქონებები, მოიქცა არაკეთილსინდისიერად და ამ ბინის მიღებაც სურდათ. თუმცა ხარვეზის დაფიქსირებისთანავე მოხდა მათი ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და მათ ნაცვლად ბინა მიიღო იმ ხალხმა ვისაც ნამდვილად უჭირდა,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ქუთაისში, ყოფილი კლინიკური სავადმყოფოს შენობაში საცხოვრებელი ფართები 109 ოჯახმა მიიღო.
ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში ბინების განაწილების პროცესი, დევნილების გარკვეულმა ნაწილმა დღეს გააპროტესტა.
მათი მტკიცებით, აღნიშნულ შენობაში ბინების გადანაწილება უსამართლოდ მოხდა.
ანა ჯანაშია

Print