ახალი ამბები
ახალი სასწავლო წელი ცარიელი საკლასო ოთახებით
FaceBook
რა შეიძლება იყოს კორონავირუსზე არაპროგნოზირებადი? ალბათ, საქართველოს განათლების სისტემა, რომელიც ორ წელზე მეტია სწავლას ხან დისტანციურ რეჟიმში იწყებს, ხან საკლასო ოთახებში. იყენებს სწავლის შერეულ, ე.წ. ჰიბრიდულ მეთოდსაც.


უკვე მეორე წელია, სკოლები ახალ სასწავლო წელს ცარიელი საკლასო ოთახებით  ხვდება. სამაგიეროდ, განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ  მზადაა კომპიუტერები, ,,თიმსის'' პროგრამა და წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს უფასოდ ურიგდებათ და ეს საკმარისია. 

სინამდვილეში სხვაა რეალობა. 

ირაკლი გაბრიჭიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურაში, ისტორიის უფროსი მასწავლებელია. მან დღეს  გაკვეთილი დისტანციურად ჩაატარა.

ახალგაზრდა მასწავლებლის თქმით, პანდემიამ მაღალმთიანი სოფლები განსაკუთრებით რთული გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან ყველა მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს, რაც სწავლის მიღებაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.

,,იყო პერიოდი, როცა ძალიან გვიჭირდა, ყველა მოსწავლეს ინტერნეტი არ ჰქონდა. მაშინ მშობლებმა და დირექციამ ერთობლივად შევძელით სასწავლო წელი შეძლებისდაგვარად ხარისხიანად ჩაგვეტარებინა, თუმცა, პრობლემა ამ მიმართულებით ისევ არის.  სამწუხაროდ,  სოფლებში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო,  ყველა მოსწავლეს  ერთნაირად არ აქვს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა''-, ამბობს ირაკლი გაბრიჭიძე.

სწავლების ხარისხით უკმაყოფილოა მოსწავლის მშობელი მარიამ თაბუკაშვილი. მარიამის თქმით, განათლების სისტემამ ვერ გაითვალისწინა მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა და მათ განათლების მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად წაართვა.

,,სამი შვილი მყავს, სამივეს სჭირდება კომპიუტერი, რომელიც ერთი გვაქვს. ჩემი შვილები ორ წელზე მეტია განათლების გარეშე დარჩნენ, ეს ნამდვილად არ არის სწავლა, თვალებში ნაცრის შეყრაა. წელსაც იგივე მოლოდინი მაქვს,  რაც შარშან იყო'',- ამბობს  მარიამ თაბუკაშვილი.

მეთორმეტე კლასელის თათული მიქაუტაძის თქმით, განათლების სამინისტრომ მოსწავლეები მიატოვა. 

,,წელს აბიტურიენტი ვხდები და საკუთარი თავის იმედი მაქვს მხოლოდ. მე და ჩემი კლასელები ჩვენით ვიკვლევთ სტუდენტობის გზას, განათლების სამინისტროს დახმარების გარეშე", - ამბობს  თათული მიქაუტაძე.


რას ამბობენ ჯანმო  და საერთაშორისო ორგანიზაციები?


საქართველოს განათლების სისტემისგან  განსხვავებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  გენერალურმა დირექტორმა იცის რა შედეგები მოაქვს სკოლების დაკეტვას და სწავლის ონლაინრეჟიმში დატოვებას.

„სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლები ადგილობრივად, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურია. იმ სკოლებში კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვაა პრიორიტეტი.

სკოლების დახურვის მავნე და მძიმე შედეგებზე მიუთითებს UNICEF-იც.

,,განათლების მომსახურების შეწყვეტას  სერიოზული, გრძელვადიანი და ცუდი შედეგები მოაქვს ეკონომიკასა და საზოგადოებებში, ზრდის უთანასწორობას, ამცირებს სოციალურ ერთობას და მოაქვს ჯანმრთელობის პრობლემები,“ – აღნიშნავენ გაეროს ბავშვთა ფონდში.


15 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა, 4 ოქტომბრამდე მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში ისწავლიან. დისტანციურად დაიწყო სწავლა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვისაც. მათაც, ლექციების აუდიტორიებში მოსმენა მხოლოდ 4 ოქტომბრიდან შეეძლებათ.


Print