ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ზესტაფონის მერიას ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს
FaceBook
ქუთაისში მერობის შეთანხმებული კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ზესტაფონში მმართველი გუნდი ამომრჩევლების მოსყიდვაზე მუშაობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ინფორმაციით, ზესტაფონის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ოლეგ შველიძე,  მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობაში ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ სურსათს ურიგებს.

"ჩვენ მოსახლეობას შევპირდით, რომ გამოვააშკარავებდით იმ დარღვევას და დანაშაულს, რომელსაც "ქართული ოცნება" ჩადის. ზესტაფონში დაფიქსირებული ამომრჩევლების მოსყიდვა, არის დანაშაული. ზუსტად აქ ჩანს ამომრჩელებისადმი მმართველი გუნდის დამოკიდებულება. გვაქვს კადრები, სადაც  ნათლად ჩანს თუ როგორ ურიგებს სამსახურის უფროსი პროდუქტს მოსახლეობას
", - განაცხადა ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ.


ზესტაფონის   მერიაში ადასტურებენ, რომ  ამანათებს ნამდვილად არიგებენ, თუმცა, აღნიშნავენ რომ ეს არა არჩევნებს, არამედ, პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას უკავშირდება.

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული აქტივობა წითელი ჯვრისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

"გვაქვს წითელ ჯვართან ხელშეკრულება დადებული, რომელიც,  დაახლოებით, შვიდწლიანია და ითვალისწინებს არამხოლოდ ამანათების დარიგებას, არამედ,  სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებას", - ამბობენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. 

როგორც ირკვევა, დახმარება თავად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმაც მიიღეს, პანდემიის დროს რისკისშემცველ გარემოში მუშაობისთვის.

წითელი ჯვრის წარმომადგენელი მანანა ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ზესტაფონის მერიას რეგულარულად ეხმარებიან.

"ბოლო დახმარება 2020 წელს ჩამოვიდა და ეს ითვალისწინებს პანდემიის შედეგად დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფის დახმარებას.  აქ არ არის მხოლოდ ამანათების დარიგებაზე საუბარი. დახმარება  ტანსაცმელსაც ითვალისწინებს. ამ შემთვევაში საუბარია პროექტზე "ჯანმრთელი გარემო და პანდემიის ბრძოლა", რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვარი და ზესტაფონის მერია 20 000 - 20 000 ლარის ფარგლებში ადამიანებს ეხმარებიან".

"ნაციონალური მოძრაობა" ფაქტის ამსახველ მასალას საერთაშორისო მისიებს -  ეუთო/ოდირის კომისიებს და ცესკოს გადაუგზავნის.







Print