ახალი ამბები
"ნამახვანჰესის" ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული ფირმაა
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "Სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის კერძო იურიდიული ფირმის შერჩევის შედეგებმა, საბოლოოდ დაადასტურა პროცესის არასანდოობა.

მათი შეფასებით, Გამართლდა ის რისკები, რაც იუსტიციის სამინისტროში კომპანიის გაუმჭვირვალედ შერჩევას თან ახლდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შერჩეული ფირმის "MS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP"-ის ადგილობრივი კონსულტანტი, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანია MKD იქნება. თამარ ტყეშელაშვილი წლების განმავლობაში იყო MKD-ს იურისტი და პარტნიორი. ეს გარემოება "სოციალური სამართლიანობის ცენტრს" პროცესისადმი სანდოობას უკარგავს. მათი შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც თავის დროზე ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა, შეგნებულად არ შეარჩია დამოუკიდებელი კომპანია, რათა თავიდან აერიდებინა მწვავე დასკვნა.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების Შეფასება FIDIC-ის ("კონსულტანტი ინჟინრების საერთაშორისო ფედერაცია") სტანდარტით მოხდება, რაც ამ კონკრეტული ხელშეკრულების შეფასების მიზნობრიობას ვერ პასუხობს.

"Სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის" გაუგებარია რატომ ხარჯავს იუსტიციის სამინისტრო შეფასების დასკვნის მოსამზადებლად 224 000 ლარს მაშინ, როცა მედიაციის პროცესში უკვე მიღწეულია შეთანხმება ხელშეკრულების ენერგოგაერთიანების რესურსით შეფასებასთან დაკავშირებით. ეს გარემოება არასამთავრობო ორგანიზაციისთვის სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზეც მიუთითებს.

"მიგვაჩნია, რომ ნამახვანის ხელშეკრულების შეფასებაში იმ იურიდიული კომპანიის ჩართვა, რომელთანაც იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თხუთმეტწლიანი პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს, უკიდურესად პრობლემურია და პრაქტიკულად არ ტოვებს პროცესისადმი ნდობის უმცირეს შანსსაც კი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროცესს უნდობლობას უცხადებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებიც. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლებისთვის, რომელთა პროტესტის შედეგადაც საზოგადოებამ ნამახვანჰესის, როგორც პრობლემური პროექტის შესახებ შეიტყო, პროცესი არასანდოა.

იუსტიციის სამინისტრომ, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და კომპანია "ენკას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესასწავლად კომპანია 9 სექტემბერს გამოავლინა. კომპანია გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეირჩა, რითაც მესამე სექტორისა და სპეციალისტების აზრით, უხეშად დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები. გარდა ამისა, პროცესი დახურული და გაუმჭვირვალე იყო.
Print