ახალი ამბები
ქუთაისის რესტორნები არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავენ
FaceBook
კვების ობიექტების ნაწილმა არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები დააწესა. თბილისში უკვე რამდენიმე ბარ-რესტორანმა განაცხადა, რომ  თავიანთ დაწესებულებებში მხოლოდ აცრილ პირებს დაუშვებენ.

შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავენ ქუთაისის ბარ-რესტორნები. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით, აკრძალვის შემოღების აუცილებლობა არ არსებობს.

რესტორან ,,ჰოე-გარდენის'' მენეჯერის გიორგი ლომთაძის განმარტებით, თანამშრომლები და ვიზიტორები მკაცრად იცავენ კოვიდრეგულაციებს და ეს საკმარისია.

,,ჩვენ ვიცავთ რეგულაციებს, ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებულია. ვიზიტორებიც იცავენ წესებს.  ჯერჯერობით, აუცილებლობა იმისა, რომ მხოლოდ კოვიდპასპორტიანები მივიღოთ, არ არსებობს'',- განმარტავს გიორგი ლომთაძე.

არავაქცინირებულ ვიზიტორებზე შეზღუდვის დაწესებას არც ბარ-რესტორანი ,,პალატი'' აპირებს.

,,თუ სახელმწიფო არ დაგვავალდებულებს,  მსგავს შეზღუდვას არ ვაპირებთ.  ბიზნესი ახლა ისედაც ცუდ დღეშია, სახელმწიფო კი არაფრით გვეხმარება. რესტორანში ყველა კოვიდრეგულაცია დაცულია. ტურისტები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ყველა კოვიდპასპორტითაა'', - ამბობს ბარ-რესტორნის მენეჯერ თორნიკე ჭელიძე.

შეზღუდვებიც დაწესებას არ აპირებენ არც რესტორნებში ,,ჰაკერ-ფშორი'' და ,,აგერარი''.

,,აგერარის'' მენეჯერის ალექსანდრე მშვილდაძის თქმით, რესტორანში ყველა კოვიდწესი დაცულია და უსაფრთხო გარემოა შექმნილი.

,,თანამშრომელთა ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი სამომავლოდ აპირებს, არავაქცინირებული პირებისთვის ჯერეჯერობით,  შეზღუდვებს არ ვგეგმავთ, რადგან ეს ჩვენთვის წაგება იქნება''-, ამბობს ალექსანდრე მშვილდაძე.


გასული 24 საათის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აცრილია 2839 ადამიანი.


Print