ახალი ამბები
გეგუთის ციხეში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
FaceBook
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთკვირიანი კარანტინი დასრულდა.

პატიმრებს კოვიდტესტირების შედეგად ვირუსი არ დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ​ საკარანტინე სივრცეში მხოლოდ 14 პატიმარი რჩება. ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კი არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით,  N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების 55% ვაქცინირებულია.

უფლებადამცველი ნათია ჩხეტიანი მიიჩნევს, რომ ეს ოჯახის წევრების დასამშვიდებლად საკმარისი არ არის და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

"რადგან შეზღუდვა მოიხსნა, გამოდის, რომ  ტესტირების მაჩვენებელი კარგია, მაგრამ საჭიროა ვინმე გამოვიდეს ხელისუფლებიდან და დაამშვიდოს პატიმრების ოჯახის წევრები. პენიტენციური სამსახური, როგორც წესი კონტაქტზე არ გამოდის და ციხეების დირექტორებს უწევთ უკვე პასუხისმგებლობის აღება", - ამბობს ნათია ჩხეტიანი.

ციხეებში პატიმართა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო. ამის მიუხედავად, 26 აგვისტოს რამდენიმე ციხეში, ვირუსით ინფიცირების შემთხვევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. პენიტენციური სამსახური თავდაპირველად ინფორმაციას მალავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელებაზე პატიმრების ოჯახის წევრები ალაპარაკდნენ,  იძულებული გახდა პატიმართა კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დაედასტურებინა.

4 სექტემბერს პატიმრების ოჯახის წევრებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და უფლებამცველებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. მათ საყოველთაო ამნისტია მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ შესაბამისი უწყებები საპატიმროებში ვითარებას ვერ აკონტროლებდნენ და პატიმრების ჯანმრთელობა საფრთხეში იყო. ამნისტიის მოთხოვნით მორიგი აქცია 14 სექტემბერს გაიმართება. 



Print