ახალი ამბები
პარლამენტიდან საკრებულომდე - ვინ არის "ოცნების" სიის პირველი ნომერი ქუთაისში 
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს წევრობისთვის, ქალაქის ყოფილი მაჟორიტარი დიმიტრი მხეიძე იბრძოლებს.

მმართველმა პარტიამ იგი სიაში პირველ ნომრად ჩასვა. მხეიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ პარტიის რიგითი ჯარისკაცია და სადაც მმართველ გუნდს დასჭირდება, იქ იქნება.

"დასჭირდება ჩემს გუნდს რიგითი ჯარისკაცობა? - ვიქნები ჯარისკაცი, დავჭირდები პარლამენტში? - ვიქნები პარლამენტში,  სამინისტროში დასჭირდება? - იქ ვიქნები, ახლა სჭირდება ჩემი საპარლამენტო გამოცდილება საკრებულოში და მე მზად ვარ ამისთვის. რაც უნდა ჩემს გუნდს, იმას ვასრულებ"
, - ამბობს დიმიტრი მხეიძე.

სიის სათავეში ყოფნის მიუხედავად, ყოფილი დეპუტატი უარყოფს საკრებულოს შესაძლო თავმჯდომარეობას და ამბობს, რომ ამ პოსტზე მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია მოიაზრება, რომელიც ასევე მოხვდა სიის ათეულში.

"საკრებულოს თავმჯდომარედ, სავარაუდოდ, ირაკლი შენგელია დარჩება. ჩემთან ამაზე კონსულტაციები არ ყოფილა. პირველი ნომერი არ ნიშნავს, რომ მე ვიქნები ამ პოსტზე. არჩევნების შემდეგ გავივლით კონსულტაციებს და ჩამოვყალიბდებით", - ამბობს ყოფილი მაჟორიტარი.

პარტიულ სიაში მოხვდა "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, გია ბასილაძეც. ასევე, ცნობილია, რომ საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიდან პროპორციულ სიაში არიან მარეხი ნიჟარაძე და მაია სიმონიძე.

რაც შეეხება ნანა კოსტავას, რომელმაც საზოგადოებას თავი სიძულვილის ენით დაამახსოვრა, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ნდობა ვეღარ დაიმსახურა. მეორე შანსი "ქართულმა ოცნებამ" არც ალეკო ახალაძეს მისცა, რომელიც პარტიაზე განაწყენებულია.

ვის გამოუცხადებს ნდობას ამომრჩეველი, ეს ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაირკვევა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

Print