ახალი ამბები
"საქართველოს სახელით აღარ გამოვა" - ავთანდილ ხურციძის დედა
FaceBook
"ავთო საქართველოს სახელით ასპარეზობას აღარ გააგრძელებს" - ამის შესახებ ქუთაისელი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა საუბრობს.

მაყვალა ხურციძის თქმით,  საქართველოს ხელისუფლებაზე გაბრაზებული არიან, რადგან მთავრობა მის შვილს ციხეში ყოფნის დროს არ დაეხმარა.

"ვესაუბრე და ელოდება საპატიმროს დატოვებას. ის უდანაშაულოა და ტყუილად იყო დაკავებული. ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან კარგად იქცეოდა. მის გათავისუფლებასთან არანაირი კავშირი აქვს ჩვენს ხელისუფლებას. გაბრაზებული ვართ, არაფერი გაუკეთებიათ ჩემი შვილის დასახმარებლად. ავთო ციხეს მალე დატოვებს და სპორტსაც დაუბრუნდება, თუმცა საქართველოს სახელით აღარ გააგრძელებს. არ ვიცი საქართველოში ჩამოვა თუ არა
"-განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ავთანდილ ხურციძე, ამერიკულ ციხეს ერთ კვირაში დატოვებს. სპორტსმენმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

,,მინდა გაცნობოთ,  რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია,  როგორიც გახლავართ მე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს,  სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი''- წერს ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ის  სპორტულ კარიერას კვლავ გააგრძელებს.

ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, ზედმეტსახელით  "ჩაქუჩა",  2017 წელს დააკავეს.

მას ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდა. მასთან ერთად დაკავებულ 14 პირს თაღლითობასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდნენ.

ავთანდილ ხურციძეს 2016-2017 წლებში მოპოვებული აქვს WBO -ს ინტერნაციონალური ქამარი და WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული.

Print