ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ძველი სახეები ახალ სიაში 
FaceBook

 

მმართველი გუნდი, ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებას, ძველი სახეებით გეგმავს.

პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატიდან, ხუთი მოქმედი მაჟორიტარია, ერთი კი პარტიული სიის მოქმედი დეპუტატია. "ქართულ ოცნებას" დეპუტატებისთვის სამაჟორიტარო ოლქებიც კი არ შეუცვლია. ერთადერთი სიახლე სიაში მაგდა კოსტავაა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში საფიჩხია-კახიანოურის გაერთიანებულ ოლქს ჩაიბარებს.

გამოდის, რომ თუ მმართველმა პარტიამ ქუთაისის ოლქებში არჩევნები მოიგო, მომდევნო ოთხი წელი ქალაქს  იგივე მაჟორიტარები ეყოლება.

პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სია ასეთია:

ამირან კოპალეიშვილი - უქიმერიონი; ირაკლი შენგელია - გამარჯვება; თეიმურაზ ნადირაძე - ქალაქმუზეუმი; მაგდა კოსტავა - საფიჩხია-კახიანოური;  კახა ბოჭორიშვილი - ნიკეა-ძელქვიანი; მამუკა რიჟამაძე - სულხან-საბა-ვაკისუბანი; მერაბ კვიცარიძე - ავტოქარხანა - ავტომშენებელი.

რატომ არ შესთავაზა ახალი სახეები პარტიამ ამომრჩეველს, ამაზე "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციაში გვპასუხობენ, რომ მოქმედმა დეპუტატებმა საკრებულოში ისევ ყოფნა დაიმსახურეს.

"მაგალითად, მერაბ კვიცარიძე არის ჰიპერაქტიური ადამიანი და 24 საათი დასტრიალებს მის უბანს. რაც შეეხება ირაკლი შენგელიას, საკრებულოს თავმჯდომარეა და რა თქმა უნდა, ეს დამსახურებით იყო თავის დროზეც. ძალიან უყვარს ბატონი ამირან კოპალეიშვილი მის უბანს, გამოცდილი და ქალაქში სახელიანი კაცია თემურ ნადირაძე და შესაბამისი კანდიდატია "ქართული ოცნებისთვის"... მათ გაამართლეს მოლოდინები. ვინც აღარ არიან, ისინიც კარგები იყვნენ, მაგრამ ოლქების შემცირების და სხვა გარემოებების გამო გადაწყდა ასე", - განაცხადა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გია ბასილაძემ.

ძველი სახეები მოხვდნენ პარტიის პროპორციულ სიაშიც. საკრებულოში კვლავ შესვლას შეეცდებიან მოქმედი ქალი დეპუტატები - მარეხი ნიჟარაძე და მაია სიმონიძე. რაც შეეხება ნანა კოსტავას, რომელმაც საზოგადოებას თავი სიძულვილის ენით დაამახსოვრა, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ნდობა ვეღარ დაიმსახურა. მეორე შანსი "ქართულმა ოცნებამ" არც ალეკო ახალაძეს მისცა, რომელიც პარტიაზე განაწყენებულია. გია ბასილაძე ამბობს, რომ სიის მიღმა დარჩენილები არ უნდა ბრაზობდნენ, რადგან გადაწყვეტილება გარემოებათა შეჯერებით იქნა მიღებული.

"სახელებით არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ არჩევნები, რომელიც ტარდება, არის განსაზღვრული ვადით, ამის შემდეგ,  სხვადასხვა გარემოებების ერთობლიობა ქმნის შედეგს. ამ ერთობლიობაში ზოგი ასე მოხვდა, ზოგი ისე. შესაძლოა, დაწყდათ გული, მაგრამ სიტუაციამ მოიტანა ასე", - ამბობს გია ბასილაძე.

ვის გამოუცხადებს ნდობას ამომრჩეველი, ეს ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაირკვევა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.


 

Print