ახალი ამბები
"მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას" - პატიმრების ოჯახის წევრების პროტესტი
FaceBook
პატიმრების ოჯახის წევრებმა საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს.


აქციის მონაწილეებმა ციხეებში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება გააპროტესტეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებების განტვირთვა მოითხოვეს. მათი თქმით, ვირუსის მოტივით,  ციხეების ორწლიანი ჩაკეტვის საკომპენსაციოდ, ხელისუფლებამ ამნისტია უნდა გამოაცხადოს.

"მოვითხოვთ, ყველა პატიმარს შეეხოს შეღავათი. 1/4 მაინც მოაკლდეთ. ამ პატიმრების უკან დგას უამრავი ოჯახი. ჩვენ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ პროტესტს. საუბარია მხოლოდ მსუბუქი მუხლით გასამართლებულებისთვის შეღავათებზე, ჩვენ მოვითხოვთ შეღავათი შეეხოს მძიმე მუხლებსაც",
- ამბობს პატიმრის დედა.

აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები.

"ხელისუფლებას ჰყავს პრივილეგირებული პატიმრები, მაგრამ უდოს კომისია ვერ იცლის ამ მძიმე ვითარებაში ჰუმანური აქტის განსახორციელებლად.  უნდა  მოიძებნოს ბალანსი პატიმრებისა და საზოგადოების ინტერესებს შორის. ეს შეიძლება იყოს შეწყალება, ამნისტია ან უდო. შეიძლება, ყველა მექანიზმის გარკვეული პროპორციით გამოყენება.", - განაცხადა პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

პატიმრების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ციხეებში კორონავირუსი უკონტროლოდ გავრცელდა. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ახლობლების მიერ მომხდარის ღიად საუბრის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა ინფორმაცია დაედასტურებინა.  ოფიციალური ინფორმაციით, ციხეებში 100-ზე მეტი პატიმარია ინფიცირებული, თუმცა, უფლებადამცველთა და პატიმართა ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ რეალობა კიდევ უფრო მძიმეა და უწყება ინფორმაციას მალავს.


აქცია 10 სექტემბერს იგეგმება ქუთაისშიც.
Print