ახალი ამბები
"კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველასთვის, 12 წლის ზევით ბავშვებისთვის,ორსულებისთვის “ - CDC
FaceBook
ორსული ქალების კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ნაადრევი მშობიარობის და ძალზე ნაადრევი მშობიარობის რისკი გაცილებით უფრო იზრდება.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს ფილიალის მეცნიერები, რომლებმაც 240 157 ორსული ქალის მონაცემები შეისწავლეს. ძალზე ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ ნაყოფის გაჩენას ჩასახვიდან 32 კვირაზე ადრე.

ინფიცირებულებში 60 პროცენტით უფრო მაღალია ნაყოფის ჩასახვიდან 32 კვირაზე ადრე მშობიარობის რისკი და 40%-ით უფრო მაღალია 37 კვირაზე ადრე მშობიარობის რისკი. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც ორსულს და ნაყოფს შეიძლება კორონავირუსის გამო შეექმნას, თუმცა ნაყოფისთვის ყველაზე სახიფათო რისკების შემცველია - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი დებორა კარაზეკი.

ძალზე შემაშფოთებელია მონაცემები, როდესაც ორსულს ერთი, ან რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება აღენიშნება. ჰიპერტენზიის (სისხლის მაღალი წნევა), დიაბეტის, ან ჭარბი წონის შემთხვევაში, ინფიცირებულ ორსულ ქალებში ნაადრევი მშობიარობის რისკი 160%-ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ქალებში. დაახლოებით 9 000 ინფიცირებულში, ნაადრევი მშობიარობა 11.8%-ში დაფიქსირდა, მაშინ როცა ჯანმრთელებში ეს მონაცემი 8.7-ს არ აღემატებოდა.

"ჩვენი შედეგები მიუთითებს ორსულებში პრევენციული ზომების მნიშვნელობაზე, მათ შორის ვაქცინაციაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ნაადრევი მშობიარობის შემთხვევები" - აღნიშნავს პროფესორი კარაზეკი. მისი თქმით, "ორსულებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული შეშფოთებები ვაქცინასთან და შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეგვეძლოს დიალოგის გახსნილად წარმართვა, რათა ვუპასუხოთ მათ იმ მტკიცებულებებით, რომლებიც აჩვენებს ვაქცინების უსაფრთხოებას და ასევე იმ რისკებს, რომლებიც ორსულების კოვიდ-19-ით ინფიცირებას ახლავს თან".

ამერიკელი მეცნიერების ნაშრომი 30 ივლისს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში "ლანცეტი". იმავე დღეს, ამერიკელ მეანთა და გინეკოლოგთა კოლეგიამ (ACOG) გამოსცა განახლებული გზამკვლევი, რომელიც ორსული ქალებისთვის კოვიდ-19-ზე აცრის მტკიცე რეკომენდაციას შეიცავდა.

ამერიკაში ორსული ქალების მხოლოდ მეოთხედზე ნაკლებს აქვს კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული, იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) ორსულებს კოვიდ-19-ის მაღალი რისკის ჯგუფებს შორის ასახელებს. აცრის რჩევას ცენტრი აქამდეც იძლეოდა, მხოლოდ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

11 აგვისტოს კი, CDC-იმ ორსულებისთვის მკაფიო რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც ეფუძნება ამერიკაში დამტკიცებული სამი ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევას. "კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველასთვის, 12 წლის ასაკში და ზევით, მათ შორის ორსულებისთვის; მეძუძური დედებისთვის; მათთვის, ვინც ახლა ცდილობს დაორსულდეს; ან მომავალში დაორსულდება" - ნათქვამია CDC-ის განახლებულ რეკომენდაციაში.


წყარო: ამერიკის ხმა

Print