ახალი ამბები
პენიტენციურ სისტემაში ბოლო სამ დღეში კოვიდი 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა
FaceBook
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


,,სულ 18 ინფიცირებულია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში უტარდებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ, შემდგომი დაკვირვების მიზნით, ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში არიან მოთავსებული. მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა მსჯავრდებულები სპეციალურ საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ", - აღნიშნეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

პენიტენციურ სამსახურში ასევე აღნიშნავენ, 26 აგვისტოს მდგომარეობით, ვაქცინირებულია მსაჯვრდებულთა 66% (6248), ხოლო 55% (5 234) რევაქცინირებულია.

"პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს", - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

პატიმრების ოჯახის წევრები ციხეებში კორონავირუსის შემთხვევებზე რამდენიმე დღის წინ საუბრობდნენ და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებდნენ.

მათი თქმით, ქუთაისის, გეგუთის, გლდანისა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ, შესაბამისი უწყებები კი არაფერს აკეთებდნენ მათი იზოლირებისთვის.

პატიმართა ოჯახის წევრების თქმით, განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადების მქონე მსჯავრდებულები და ბრალდებულები.




Print