ახალი ამბები
ქუთაისში ერაყელი სტუდენტები გაქურდეს - მე-6 შემთხვევა ერთი წლის მანძილზე
FaceBook

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები გაქურდეს. წაღებულია 2200 დოლარი და 2 ლეპტოპი.


შემთხვევა 4 დღის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. ერაყელი სტუდენტების თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს მათი გაქურდვის მეექვსე შემთხვევაა. აქედან, მათი თქმით, ჯერჯერობით არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის.

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტებიდან აბდულაჰ ალ - მაშადანი პირველი იყო, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე გაქურდეს. სტუდენტის თქმით, მოპარეს 3 000 დოლარი, აიპადი, გალაქსი, საათი, თეფშები, კოვზები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. აბდულაჰ ალ - მაშადანი ყვება რომ ქურდობის ფაქტის შემდეგ ბინა შეიცვალა. თუმცა, როგორც აღნიშნავს, ბინის შეცვლით ერაყელი სტუდენტების ცხოვრებაში ქურდობის ფაქტები არ შეჩერებულა. სტუდენტების თქმით, პირველი შემთხვევის მსგავსი 5 დაფიქსირდა. თუმცა, საქმე ყველა შემთხვევაზე გამოუძიებელია.

"როცა პოლიცია გამოვიძახეთ, ისინი მოვიდნენ. ფორმალურად რაღაცეებზე მოგვაწერინეს ხელი და ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგის მერე არ გამოჩენილან საერთოდ და საქმეც, რა თქმა უნდა არ გამოიძიეს. არადა, 1 წელი გავიდა" - აცხადებს ერაყელი სტუდენტი, აბდულაჰ ალ-მაშადანი.

სტუდენტის თქმით, პოლიცია მათ ყურადღებას აღარ აქცევს.

"მე ვიცოდი, რომ საქართველოში იყო კარგი პოლიციის სისტემა, მაგრამ ახლა ძალიან ცუდი სისტემაა ჩვენთვის. არ გვაქვს მათი იმედი. 6 შემთხვევიდან ერთიც არაა გამოძიებული" - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ავს ფაექი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ერაყელი სტუდენტების ბრალდებას კი პოლიციის მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროში არ ადასტურებენ. სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, პოლიცია ფაქტზე დროულად ახდენს რეაგირებას და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

Print