ახალი ამბები
კორონავირუსი ციხეებში - პატიმრების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
პატიმრების ოჯახის წევრები ციხეებში კორონავირუსის შემთხვევებზე საუბრობენ და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.


მათი თქმით, ქუთაისის, გეგუთის, გლდანისა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ, შესაბამისი უწყებები  კი არაფერს აკეთებენ მათი იზოლირებისთვის.

განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადების მქონე მსჯავრდებულები და ბრალდებულები. მათი თქმით, პატიმრებს ციხეებში არსებულ პრობლემებზე საუბარი დაწესებულებების ადმინისტრაციებისგან აკრძალული აქვთ, მაგრამ ინფორმაცია სხვადასხვა გზებით მაინც გავრცელდა.

,,იცით თქვენ, როგორ ფრთხილობენ პატიმრები, რომ ზედმეტი არაფერი წამოცდეთ ციხეებში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ მაინც გამოჟონა ინფორმაციამ, რომ რამდენიმე ციხეში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ჩვენ არ ვიცით რა ხდება ახლა ციხეებში, რამდენი პატიმარია ინფიცირებული და რა გეგმა აქვს პენიტენციურ სამსახურს მათ იზოლირებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საყურადღებოა ქრონიკული დაავადებების მქონე პატიმრები, რომლებიც იმ შტამს, რომელიც ახლა არის, ვერ გადაიტანენ. პენიტენციური სამსახური დუმს და პასუხს არ გვცემს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ გავმართავთ აქციებსაც", - ამბობს მოძრაობა "პატიმარი ადამიანია" წარმომადგენელი ნათია ჩხეტიანი.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში გამოსავალი არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე და მსუბუქი მუხლით გასამართლებული პირების ამნისტია.

რამდენი ინფიცირებული პატიმარია ციხეებში და რა გეგმა არსებობს პრობლემის გადასაჭრელად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს პასუხი არ აქვს.
Print